როგორ მოუაროთ სახის კანს გაზაფხულზე?

11198544_382461668614295_1467911080_n

გაზაფხულზე ბუნებასთან ერთად ჩვენი ორგამიზმიც იღვიძებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თითქოს გავიდა ზამთარი აღარ ყინავს, აღარ ქრის ქარი მაგრამ სახის კანი ჩვეულებრივზე უარესად გამოიყურება, მისი პროგლემა ერთბაშად მწვავდება.

რა მოსდის კანს გაზაფხულზე?
ჯერ კიდევ ზამთარში ირღვევა სახის კანის დამცავი შრე – ჰიდროლიპიდური მანტია. მას აზიანებს ყინვა, ქარი, თოვლი და შენობებში არსებული მშრალი ჰაერი. ბუნებრივი დამცავი შრის უქონლობის გამო კანი ადვილად იღებს ტრავმას. გაზაფხულზე ამას ვიტამინების ნაკლებობა და იმუნიტეტის დაქვეითებაც ემატება. კანი წითლდება, იქერცლება, მუწუკდება… როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? რა თქმა უნდა, სწორი მოვლით, სათანადო კვებით, დანოტივებით და სხვა.
რას გულისხმობს გაზაფხულზე კანის სწორი მოვლა?
პირი იბანეთ გადადუღებული წყლით. კარგია დასაბანად მცენარეთა – პიტნის, ოხრახუშის, გვირილის – ნახარშების გამოყენება. დაბანის ნაცვლად შეგიძლიათ ყინულით გაიწმინდოთ, მაგრამ არა გაყინული წყლით, არამედ მცენარეული ნახარშით. მისი მომზადება ადვილია: იღებთ მცენარეულ ნედლეულს ან მათ ნაკრებს (გამოგადგებათ პიტნა, გვირილა, მუხის ქერქი, კრაზანა, სალბი, ვარდის ფურცლები, არყისა და ტირიფის ფოთლები), ასხამთ მდუღარე წყალს, აჩერებთ ნახევარ საათს, გადაწურავთ კარგად, რომ მცენარის ნაწილები არ შეჰყვეს და კანი არ დააზიანოს, ჩაასხამთ ყინულის ფორმაში და გაყინავთ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ერთსა და იმავე ადგილას ყინულის დიდხანს სმა არ შეიძლება. ის სამასაჟე ხაზებზე უნდა გადაატაროთ. თუ კანი მშრალია, შეიძლება ნახარშს დავუმატოთ ზეითუნის, ქოქოსის ან ნუშის ზეთი – 1 სუფრის კოვზი 200 მლ-ზე – და ასე გავყინოთ. როგორც კანისთვის, ასევე მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა საუნა. სახლის პირობებში შეიძლება უბრალო ორთქლის აბაზანებსაც დავჯერდეთ, თუ ეს უკუნაჩვენები არ არის გაფართოებული ფორების ან სისხლძარღვების გამო.
როგორ ვკვებოთ სახის კანი გაზაფხულზე
გაზაფხულზე სახის კანს დამატებითი კვება სჭირდება. კანის კვება გარედანაც შეიძლება და შინაგანადაც, რადგან კანის მდგომარება უშუალოდ არის დამოკიდებული ჩვენს რაციონზე. გაიმდიდრეთ რაციონი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით, გარეგანი კვებისთვის კი ნიღბები გამოიყენეთ. მაგალითად, ლიმონი ავიწროებს ფორებს და ათეთრებს სახის კანს, მაგრამ მისი გამოყენებისას ფრთხილად იყავით – ლიმონის მჟავა აგრესიულია. შეიძლება მისი დარბილება: ნახევარი ბანანისა და 1 სუფრის კოვზი რძისგან მომზადებულ ფაფას 3-4 წვეთი ლიმონის წვენი დაამატეთ. ცხიმიანი კანისთვის კარგია ყურძენი. ყურძნის წვენი დამატებითი კომპონენტების გარეშეც შეიძლება გამოვიყენოთ. სასარგებლოა ბლენდერში დაქუცმაცებული ყურძნის ნიღაბი. ისპანახი ხსნის კანის ყოველგვარ გაღიზიანებას. ისპანახის ფოთლები კარგად გარეცხეთ და ბლენდერში დაკეპეთ. ასეთივე მოქმედება ახასიათებს ჭინჭრის ახალგაზრდა ფოთლებს, ოღონდ ისინი ბლენდერში ცოტა მეტხანს უნდა კეპოთ. კარგად კვებავს მშრალ კანს ხილ- და კენკრადამატებული ნაღები. კომბოსტო სახის კანს ხავერდოვნებას და სინაზეს სძენს. საკმარისია, სახეზე ოციოდე წუთით დავიდოთ კომბოსტოს ფურცელი. შვრიის ფანტელი კანს სიმკვრივესა და სიგლუვეს ანიჭებს, ავსებს A ვიტამინის დეფიციტს. მოამზადეთ ნიღაბი ასე: დაალბეთ ჰერკულესი ცხელ წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე მხოლოდ 10 წუთით. ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში თაფლმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

 

როგორ გავიწმინდოთ კანი? დასუსტებული კანი სათუთ მოვლას და სპეციალურ კოსმეტიკურ საშუალებებს მოითხოვს. გაზაფხულობით კანის გასაწმენდად კარგია რბილი სკრაბისა და ნიღბების გამოყენება. უარი თქვით სპირტზე დამზადებულ საშუალებებზე და წესად გაიხადეთ სახის გაწმენდა შინ დაბრუნებისთანავე. გამოცდილი კოსმეტოლოგები გვირჩევენ, უარი ვთქვათ პროფესიულ პილინგზე – ეს პროცედურა ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივებისადმი, ამასთან, კანი ისედაც დასუსტებულია და დამატებითი სტრესი აღარაფერში სჭირდება.